უსაფრთხოება, დისციპლინა და პასუხისმგებლობა: HR-ის როლი ლოგისტიკურ კომპანიაში

29 იანვარი 2026

ლოგისტიკური ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროა, რომელშიც ყოველდღიური ოპერაციების წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანებზე, მათ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე. უსაფრთხოება, დისციპლინა და პასუხისმგებლობა ამ პროცესის ფუნდამენტური ელემენტებია, ხოლო მათი მართვა მხოლოდ წესებით არ სრულდება — აქ გადამწყვეტ როლს ადამიანური რესურსების მართვა ასრულებს.

ამ თემაზე გვესაუბრა A Logistics Company-ს HR მენეჯერი მარიამ წულაია, რომელმაც საინტერესო ხედვები გაგვიზიარა.

როგორია HR-ის ძირითადი როლი ლოგისტიკურ კომპანიაში?

HR-ის მთავარი როლი არის ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული ხედვა ისე, რომ ყოველდღიური ოპერაციები იყოს უსაფრთხო, სტაბილური და ეფექტიანი. ლოგისტიკაში ყველაფერი დროზე, სიზუსტესა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენი როლი იწყება შესაბამისი ტალანტების მოზიდვით, გრძელდება მათი სწავლება/განვითარებით და სრულდება ისეთი სამუშაო კულტურის შექმნით, სადაც თანამშრომელი გრძნობს უსაფრთხოებას, ჩართულობასა და პასუხისმგებლობას.

 


რა ტიპის უსაფრთხოების რისკები არის ყველაზე ხშირი ლოგისტიკურ ოპერაციებში და როგორ ერთვება HR მათი პრევენციის პროცესში?

ლოგისტიკურ ოპერაციებში ყველაზე ხშირი უსაფრთხოების რისკები დაკავშირებულია როგორც ფიზიკურ გარემოსთან, ისე ადამიანურ ფაქტორთან. პირობითად, სამუშაო ადგილზე ტრავმების რისკი, ტექნიკის არასწორი გამოყენება, ასევე უსაფრთხოების წესების დაუცველობა მაღალი დატვირთვის პერიოდში. პროცესში HR-ის ჩართულობა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე რისკი რეალურად იჩენს თავს, რაც გულისხმობს თანამშრომლების სწორ ონბორდინგს, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები თავიდანვე ნათელი და გასაგებია ყველასთვის. ასევე რეგულარული უსაფრთხოების ტრენინგები და ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით ოპერაციულ პოზიციებზე.

 


როგორ ხდება ახალი თანამშრომლების უსაფრთხოების და შიდა წესების სწავლება პირველივე ეტაპზე?

ახალი თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების და შიდა წესების სწავლება იწყება პირველივე დღიდან და პირველივე კომუნიკაციიდან. პროცესი იწყება სტრუქტურირებული ონბორდინგით, სადაც თანამშრომლები ეცნობიან სამუშაო გარემოს, უსაფრთხოების სტანდარტებს და ყოველდღიური ქცევის წესებს პრაქტიკული მაგალითებით და რეალური სიტუაციების განხილვით. ამასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობას. თანამშრომელს ჰყავს ადამიანი, ვისთანაც შეუძლია კითხვების დასმა, პროცესების გადამოწმება და ადაპტაცია რეალურ სამუშაო გარემოში. საბოლოო მიზანია, რომ უსაფრთხოება და წესების დაცვა თავიდანვე ჩამოყალიბდეს როგორც ბუნებრივი სამუშაო ჩვევა და არა იძულებითი პროცედურა.

 


როგორ აკონტროლებს კომპანია უსაფრთხოების წესების ყოველდღიურ დაცვას და რა როლი აქვს ამ პროცესში HR-ს?

უსაფრთხოების წესების ყოველდღიური დაცვა ოპერაციული გუნდისა და უშუალო ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაა, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართული სამუშაო პროცესებში, აკვირდებიან ყოველდღიურ პრაქტიკას და რეალურ სამუშაო გარემოში არსებულ გამოწვევებს.

HR-ის როლი ამ პროცესში უფრო მხარდამჭერი და კოორდინაციულია. ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ უსაფრთხოების საკითხები სწორად და გასაგებად იყოს მიწოდებული, თანამშრომლებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია და კომპანიაში არსებობდეს ერთიანი, თანასწორი მიდგომა წესების მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია უკუკავშირის მიღება თანამშრომლებისგან: რა მუშაობს კარგად და სად არის გაუმჯობესების საჭიროება. ამ ინფორმაციას კი HR იყენებს პროცესების დახვეწისთვის.

 


როგორ აყალიბებთ თანამშრომლებში პასუხისმგებლობის განცდას სწრაფ და მაღალი რისკის სამუშაო გარემოში?

სამუშაო გარემოში პასუხისმგებლობის განცდა ერთჯერადი ინსტრუქციით არ ყალიბდება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს ნათლად ესმოდეთ მათი როლი და პასუხისმგებლობის საზღვრები. მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემო, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ კითხვების დასმა, შეცდომებზე საუბარი და პრობლემების დროულად გაზიარება. ასეთ გარემოში პასუხისმგებლობა არ ასოცირდება შიშთან, არამედ პროფესიონალიზმთან და საერთო ღირებულებების დამკვიდრებასთან. HR-ის მხრიდან აქ მთავარი როლი არის ამ კულტურის შექმნა, მხარდაჭერა და შენარჩუნება.

 


რა დისციპლინარული გამოწვევებია ყველაზე ხშირი ლოგისტიკაში და როგორ ცდილობს HR მათ პრევენციას?

ლოგისტიკურ კომპანიაში დისციპლინარული გამოწვევები ხშირად დაკავშირებულია პროცესების სისწრაფესთან და დატვირთულობასთან. გადაცდომებიც სამუშაო გარემოს ბუნებრივი ნაწილია და არავინ არის სრულყოფილად დაცული მათგან.
ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ ნათელი მოლოდინები, ეცნობიან წესებს და აქვთ მხარდაჭერა იმისთვის, რომ შეცდომების შემთხვევაშიც არსებობდეს სურვილი გამოსასწორებლად. პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩართულობა და სწორი უკუკავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ გუნდმა ერთიანი, სტაბილური და უსაფრთხო სამუშაო კულტურა შეინარჩუნოს.

 


როგორ მოქმედებს HR უსაფრთხოების ინციდენტების ანალიზისა და შემდგომი გაუმჯობესების პროცესში?

ყოველთვის არის შესაძლებლობა რომ შეცდომებზე ვისწავლოთ და რაც მთავარია, მის მაგალითზე გავაანალიზოთ მიზეზი და შესაძლებლობისა თუ საჭიროების შემთხვევაში დავხვეწოთ აღნიშნული წესი. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად მუდმივად ხდება წესების მონიტორინგი და მათი გამოცდა ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე, როგორც უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჩართულობის გაძლიერება, რომ ინციდენტები აღიქმებოდეს არა როგორც შენიშვნის მიღების მიზეზი, არამედ როგორც საერთო სწავლების მომენტი.

 


როგორ თანამშრომლობს HR ოპერაციულ მენეჯერებთან, რომ უსაფრთხოების და დისციპლინის პოლიტიკა რეალურად მუშაობდეს პრაქტიკაში?

უსაფრთხოების და დისციპლინის პოლიტიკა პრაქტიკაში მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა HR და ოპერაციული გუნდები “ერთ ენაზე” საუბრობენ და საერთო მიზანზე არიან ორიენტირებული. პრაქტიკაში ეს თანამშრომლობა გამოიხატება რეგულარულ კომუნიკაციაში, უკუკავშირის გაცვლაში და იმაში, რომ ოპერაციული მენეჯერების გამოცდილება გამოიყენება პოლიტიკის დახვეწისთვის. ისინი ხედავენ ყოველდღიურ რეალობას, ხოლო HR უზრუნველყოფს სტრუქტურას, თანმიმდევრულობას და ერთიან მიდგომას კომპანიის მასშტაბით.

 


როგორია ტრენინგებისა და შიდა კომუნიკაციის როლი უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებაში?

ტრენინგები და შიდა კომუნიკაცია უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. თითოეული მათგანი ეხმარება თანამშრომელს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებაში, არამედ რეალური სიტუაციების გააზრებაში, თუ რატომ არის კონკრეტული წესი მნიშვნელოვანი და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის გაუთვალისწინებლობას, რაც საბოლოოდ ზრდის ცნობიერებას და პასუხისმგებლობის განცდას.

 


თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ძლიერი უსაფრთხოების და პასუხისმგებლობის კულტურის შესაქმნელად ლოგისტიკურ კომპანიაში?

ჩემი აზრით, ძლიერი უსაფრთხოების და პასუხისმგებლობის კულტურის საფუძველი სამი მთავარი ფაქტორის ერთობლიობაა: ეფექტური ლიდერობა, თანამშრომელთა ჩართულობა და მუდმივ კომუნიკაციაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ვფიქრობ, ამ ელემენტთა ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, დასაქმებულმა იმუშაოს მოტივაციით, უსაფრთხოდ და სტაბილურად.