რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ ახალი საწყობის დაგეგმვისას
ახალი საწყობის დაგეგმვა ბევრ კომპანიას მხოლოდ მშენებლობის პროცესი ჰგონია, თუმცა რეალურად ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც წლების განმავლობაში განსაზღვრავს ოპერაციულ ეფექტურობას, ხარჯებს და ზრდის შესაძლებლობას. ამ თემაზე გვესაუბრა A Logistics Company-ს პროექტების მენეჯერი, ილია შამანიდი.
რა არის ძირითადი სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც კომპანიები უშვებენ საწყობის დაგეგმვის საწყის ეტაპზე?
„ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც კომპანიები უშვებენ საწყობის დაგეგმვის ეტაპზე, არის შენობის პროექტირების დაწყება ოპერაციული პროცესების სრულფასოვანი ანალიზის გარეშე. შედეგად, ოპერაციები ერგება უკვე აშენებულ სივრცეს, ნაცვლად იმისა, რომ სივრცე მოერგოს ოპერაციულ საჭიროებებს, რაც ხშირად პროცესებს ართულებს და ეფექტურობას ამცირებს.“
რა ფაქტორები უნდა განისაზღვროს პროექტის დაწყებამდე?
„პროექტის დაწყებამდე კომპანიამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ოპერაციული მოდელი, ინვენტარის სტრუქტურა, ტვირთბრუნვის მაჩვენებლები და მომავალი ზრდის პროგნოზი. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა ტიპის შენახვაა საჭირო, რა ინტენსივობით განხორციელდება მიღება-გაცემის პროცესები და რა ტექნოლოგიური მხარდაჭერა იქნება გამოყენებული. ამ მონაცემებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი სწორად განისაზღვროს სივრცის მოცულობა, ლოგისტიკური ნაკადები და ინფრასტრუქტურული მოთხოვნები.“
როგორ განისაზღვრება საწყობის ოპტიმალური ფართობი რეალური ოპერაციული მოთხოვნებიდან გამომდინარე?
„საწყობის ფართობის განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ მიმდინარე მარაგს, არამედ რეალურ ტვირთბრუნვას და ზრდის დინამიკას. მნიშვნელოვანია გაანალიზდეს საშუალო და პიკური დატვირთვები, სეზონურობა და მარაგის ბრუნვის სიხშირე. ასევე უნდა განისაზღვროს, რა სიმაღლეზე და რა ტიპის სისტემით მოხდება შენახვა, რადგან იგივე ფართობი სხვადასხვა გადაწყვეტით განსხვავებულ შედეგს იძლევა. სწორი დაგეგმვა ნიშნავს არა მაქსიმალურად დიდი სივრცის აშენებას, არამედ ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრას ოპერაციული ეფექტურობის გათვალისწინებით.“
რა მონაცემებია აუცილებელი სწორად დასაგეგმად?
„სწორი დაგეგმვისთვის აუცილებელია დეტალური ოპერაციული მონაცემები. ეს მოიცავს პროდუქციის მოცულობას და სტრუქტურას, SKU-ების რაოდენობას, ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს, სეზონურობის დინამიკას და პიკურ დატვირთვებს. ასევე მნიშვნელოვანია მიღება-გაცემის სიხშირე და შეკვეთის საშუალო ზომა. ამ მონაცემების გარეშე დაგეგმვა ხდება ვარაუდებზე დაყრდნობით, რაც მომავალში ოპერაციულ სირთულეებს იწვევს.“
რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ლოკაცია და რა რისკებს ქმნის არასწორად შერჩეული ლოკაცია?
„ლოკაციის არჩევის მთავარი კრიტერიუმებია ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტურობის შენარჩუნება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, ქალაქთან ან ძირითად ბაზართან სიახლოვე და მომავალი გაფართოების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივი რეგულაციების გათვალისწინება, მაგალითად, ტრაილერებისა და სატვირთო ავტომობილების ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა, დროითი რეგულაციები ან სხვა მუნიციპალური მოთხოვნები, რაც გავლენას ახდენს ოპერაციებზე.“
რა ტექნიკური დეტალები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას პროექტირებისას?
„პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონსტრუქციული მალების სწორ განლაგებასა და მათ შორის დისტანციას, ასევე ინდუსტრიული იატაკის მოთხოვნებს, რომელიც მინიმუმ DIN 18202 სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. მნიშვნელოვანია ოპტიმალური სამუშაო სიმაღლე, HVAC და სახანძრო სისტემების გათვალისწინება, სასაწყობე თაროების სწორად განლაგება და ტექნიკის სამოძრაო არეალების სწორი განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ ოპერაციებს.“
როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი გაფართოების შესაძლებლობა?
„მომავალი გაფართოების შესაძლებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული საწყობის გეგმარების საწყის ეტაპზე, რათა ახალი სივრცე მარტივად მოერგოს არსებულ ინფრასტრუქტურას.“
რა ფაქტორები იწვევს ბიუჯეტის გადაცდომას ყველაზე ხშირად?
„ბიუჯეტის გადაცდომას ყველაზე ხშირად იწვევს საწყობის არასრული ან არასწორი გეგმარება, სივრცის არაპროდუქტიული განლაგება, ოპერაციული პროცესების არასწორი ინტეგრაცია და მშენებლობის მიმდინარეობისას შეტანილი რადიკალური ცვლილებები.“
თქვენი ძირითადი რეკომენდაციები კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ საწყობს გეგმავენ
„კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი ოპერაციებისთვის სჭირდებათ საწყობი, ვურჩევდი, რომ შენობის კონცეფცია სრულად მოარგონ ოპერაციულ პროცესებს და არა პირიქით. სწორად განსაზღვრონ სივრცე, რომელიც უპასუხებს კომპანიის მიმდინარე საჭიროებებს და ამავდროულად გაითვალისწინებს ყოველწლიურ ზრდას, რათა ინფრასტრუქტურა მომავალშიც ეფექტურად ემსახურებოდეს ბიზნესის განვითარებას. უნდა შეარჩიონ სტრატეგიული ლოკაცია, რომელიც ახლოს მდებარეობს ქალაქთან, მაგისტრალთან და სტრატეგიულ ობიექტებთან, ხოლო ამავდროულად უზრუნველყოფს მომავალში ქალაქის რეგულაციებით გამოწვეული შეზღუდვების თავიდან აცილებას.“